დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ წევრები მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარსდგნენ.
შეხვედრა მოსახლეობასთან წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას 2015 წელს ჩატარებულ სხდომებზე ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ წევრების დასწრების სტატისტიკა წარუდგინა. მან მოწვეულ სტუმრებს ასევე, მოქალაქეთა მიღების, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვის შესახებ ინფორმაციაც მიაწიოდა.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ სახელზე 2014-2015 წლებში სულ 148 წერილია შესული, რომლებიც შემდგომი რეაგირების მიზნით და დეპუტატების მუშაობის სფეროების მიხედვით დახარისხდა. აღნიშნული წერილები სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, კეთილმოწყობის, განათლებისა და კულტურის საკითხებს ეხებოდა. ასევე, იურიდიულ და ურბანული დაგეგმარების მიმართულებებსაც. როგორც ზაზა ვეკუამ განაცხადა, ფრაქციის მიერ ინიცირებული წერილების ნაწილი ნაწილობრივ ან სრულად იქნა დაკმაყოფილებული, ნაწილი კი გათვალისწინებულ იქნება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.
„2014-2015 წელს ჩვენ ვხვდებოდით ამომრჩევლებს და მათთან გასაუბრების შემდეგ შეძლებისდაგვარად დახმარებას ისეთი კუთხით ვუწევდით, როგორიცაა შუამდგომლობა, გადამისამართება, პრობლემის განხილვა და მისი მოგვარება, რეკომენდაციის გაწევა და სხვა“, - განაცხადა დეპუტატმა.
ზაზა ვეკუამ ასევე საკრებულოს წევრის ფარგლებში სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ოფიციალურად გამოთხოვილი მასალების რაოდენობა 41 წერილს შეადგენს.
აღნიშნული წერილების საფუძველზე, ფრაქციამ შეხვედრები თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების, ასევე შესყიდვებისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებთან გამართა, სადაც ტენდერების, დედაქალაქში ტრანსპორთან დაკავშირებულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გარემოს დაცვისა და მწვანე საფარის გადარჩენის საკითხებს. შესაბამისად, მოსახლეობასთან ერთად მუდმივად ვართ ჩართულები აღნიშნულთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში“, - აღნიშნა ზაზა ვეკუამ.
შეხვედრაზე ფრაქციის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ წევრმა შალვა ოგბაიძემ საგზაო მოძრაობის, გზების, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებირი ტრანსპორტის შესახებ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს ფრაქცია ყოველდღიურად ეხმიანება და თბილისის მთავრობას აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარ ხედვასაც სთავაზობს.
„მაქვს ინიციატივა, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ოპერატიულად მოახდენს კონკრეტული საცობის იდენტიფიცირებას და პრობლემის დროულად გადაჭრას. ამავდროულად მიმაჩნია, რომ ეს ყოველივე დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გარეშე, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
ამას გარდა, ფრაქციამ მერიას ასევე პრეზენტაციის სახით გეგმა შესთავაზა, რომელშიც ასახული იყო კომპანია „სიტი პარკის“ სამართლებრივი სივრციდან გაძევებისა და თბილისში ახალი პარკირების მუნიციპალური სისტემის შექმნის ხერხები.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ფრაქციის დახმარებით საქართველოში პირველი ავტო-მუზეუმი გაიხსნა, სადაც 40 უნიკალური და რესტავრირებული ავტომობილია წარმოდგენილი. მოგვიანებით კი, ფრაქციის ინიციატივით, ქუჩას, სადაც მუზეუმი მდებარეობს, ავტომუზეუმის ქუჩა ეწოდა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
დღესვე, სხდომათა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, ფრაქციის წევრი თამარ ცინცაბაძეც მიესალმა და განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ფრაქციის სახელზე ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 45 წერილია შემოსული, რომლებზეც დეპუტატებმა რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინეს. მისივე განცხადევით, აღნიშნული მიმართულებით ფრაქციის წევრებმა კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე არაერთი ინიციატივა გააჟღერეს.
კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც თამარ ცინცაბაძემ ხაზი გაუსვა, კომუნალური ვაუჩერის ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირისთვის გადაცემას გულისხმობდა, რაც მისი განმარტებით, ფრაქციის აქტიურობითა და დედაქალაქის მერიის კეთილი ნებით წარმატებით ხორციელდება.
„მოხარული ვარ, რომ კომუნალური ვაუჩერის საკითხი, რომელიც ასეთი მნიშვნელობისაა, საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. თუმცა, არ შეიძლება არ შევეხოთ განათლების საკითხებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ თბილისის მთავრობას, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ საბავშვო ბაგა-ბაღების თემატიკას, რადგან ეს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა-განათლებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. აქედან გამოდინარე, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომლის მიხედვითაც კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების აკრედიტაცია აუცილებელ პირობას წარმოადგენს, რათა საჯარო და კომერციული ბაღები ერთ სისტემაში მოექცნენ.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით, ჩვენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში ვიღებთ მონაწილეობას. ასევე, აქტიურად ვართ ჩართულები გენდერული თანასწორობის პრობლემატიკის შესწავლაში“-განაცხადა დეპუტატმა.
დღესვე, თამარ ცინცაბაძემ ამომრჩეველთან ფრაქციის წევრების ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეებთან შეხვედრები ყოველკვირეულად ხორციელდება. როგორც აღნიშნა, მიმდინარე პერიოდში დეპუტატები დედაქალაქის ყველა რაიონში შეხვდნენ მოსახლეობას და მოისმინეს მათი პრობლემები, წინადადებები და შენიშვნები.
შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა ასევე ეკონომიკური პრობლემატიკის გამოსწორების თაობაზე საკუთარი ხედვა წარმოადგინეს და როგორც მცირე, ისე საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრეს.
შეხვედრას ფრაციის წევრებისა და მოწვეული სტუმრების გარდა, პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე, პარტიის სხვა ლიდერები და წევრები ესწრებოდნენ.